საქართველოს ათეისტთა ვებგვერდი
საწყისი გვერდი სტატიები გამონათქვამები FAQ ფორუმი ლინკები

 
პროექტი Genesis (კორპორატიული მიმოწერიდან)

იური ნესტერენკო

გენერალურ დირექტორს, იეღოვას მარკეტინგის

განყოფილების უფროსის, გაბრიელისაგან

პროექტ «გენეზისის» ფარგლებში ჩვენი განყოფილების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბაზარზე საუკეთესო პერსპექტივა გააჩნია შემდეგი კონფიგურაციის სისტემებს:

პლანეტა: 1 ც.

რადიუსი: 3000 კმ

სიმძიმის ძალა: 0.5 g

შეფარდება წყალი/ხმელეთი: 1:1

ტემპერატურა: +24

ატმოსფერო: ჟანგბადი

ზღვები: მტკნარი წყლის

მდინარეები: რძე, თაფლი

ფაუნა: ბალახისმჭამელი

პერიფერია: მნათობი 2 ც. (დღის/ღამის), სიჩქარე 0.0007 ბრ. წუთში (1 ბრუნი დღეღამეში)

«გაიგზავნოს სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილებაში ტექნიკური დავალების მომზადებისათვის - იეღოვა»

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილების უფროსის, მიქაელისაგან

სისტემის თვითღირებულების შემცირების მიზნით გთავაზობთ ორივე მნათობი გადავიყვანოთ საერთო კვების წყაროზე, ხოლო ჟანგბადი კი შევცვალოთ აზოტით.

«ჟანგბადი 50% მაინც უნდა დავტოვოთ, თორემ მომხმარებლები დაიხრჩობიან - ტესტირების და ტექმომსახურების განყოფილების უფროსი რაფაელი»

«25%-იც ეყოფათ - იეღოვა»

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

სისტემური ტექნიკის განყოფილების უფროსის

ლუციფერისაგან

პროექტ გენეზისზე მიმდინარე სამუშაოებისას (სტადია «და იყოს სინათლე») გამოვლენილია შემდეგი სიძნელეები: ჩვენ არა გვაქვს უწყვეტი ნათების კომპაქტური წყარო ორ მნათობზე გამანაწილებლით. გთავაზობთ გამოვიყენოთ «წითელი ჯუჯის» სტანდარტული ტიპის წყარო, ხოლო ღამის მნათობისათვის გამოვიყენოთ სარკე.

«სჯობს «ყვითელი ჯუჯა». თვითღირებულება გაცილებით ნაკლებია. დიზაინი კი უფრო შთამბეჭდავია - მარკეტინგის განყ. უფრ. გაბრიელი»

«ეს ხომ სერვერის ტიპის წყაროა. რაში ჭირდება იგი ერთპლანეტიანი სისტემის მომხმარებელს? - ლუციფერი»

«რა ჭირდება მომხმარებელს და რა არა, მას მარკეტინგის განყოფილება აუხსნის - გაბრიელი»

«ლუციფერ! დაკავდით საკუთარი განყოფილების საქმეებით. ვამტკიცებ «ყვითელ ჯუჯას» - იეღოვა»

«სხვათა შორის, «ყვითელი ჯუჯას» ისეთი კაშკაშა სინათლე აქვს, რომ სარკის მაგივრად ჩვეულებრივი პლანეტოიდის დაყენებაც შეიძლება»

«ვეთანხმები - იეღოვა»

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

სისტემური ტექნიკის განყოფილების უფროსის

ლუციფერისაგან

ტექნიკურ დავალებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ წარმოიშვა შემდეგი სიძნელეები: უწყვეტი ნათების წყაროს მასა მრავალჯერ აჭარბებს თავად პლანეტის მასას, რის შედეგადაც სინათლის წყარო არ ბრუნავს პლანეტის ირგვლივ. ამის მაგივრად თვით პლანეტა ბრუნავს სინათლის წყაროს ირგვლივ. ამას გარდა, სინათლის წყაროს დიდი სიმძლავრის გამო პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა სტაბილურად 2 ერთეულით მეტია, ვიდრე ტექნიკურ დავალებაში მითითებული. თუ გავზრდით მანძილს სინათლის წყარომდე, მნიშვნელოვნად გაიზრდება მთელი სისტემის გაბარიტები.

«გაბარიტები - ეს პრესტიჟულია. რაც შეეხება პლანეტის ბრუნვას სინათლის წყაროს მიმართ, ამის გამო მომხმარებელს შეიძლება განუვითარდეს არასრულფასოვნების გრძნობა. გრავიტაციული მუდმივა ხომ არ შეგვეცვალა? - გაბრიელი»

«გრავიტაციული მუდმივის ცვლილება გამოიწვევს თავსებადობასთან პრობლემებს - მიქაელი»

«მომხმარებლისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა რის გარშემო ტრიალებს? დაევალოს მარკეტინგის განყოფილებას, მოიფიქროს რაიმე ფარდობითობის თეორია - იეღოვა»

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

სისტემური ტექნიკის განყოფილების უფროსის

ლუციფერისაგან

ორბიტის რადიუსის ზრდის შემდეგ პლანეტის სიჩქარის გაზრდა დავალებაში მითითებულ სიჩქარემდე გამოიწვევს სისტემის კრახს - (პლანეტა გაფრინდება კოსმოსში). იგივე სიტუაციაა ღამის მნათობთან.

«არა აქვს მნიშვნელობა, რა ხდება სისტემაში - მთავარია, რას ხედავს მომხმარებელი. ხომ არ დაგვეტრიალებინა პლანეტა თავისი ღერძის მიმართ? მაშინ მომხმარებელი იფიქრებს, რომ მზე და მთვარე მის გარშემო ბრუნავენ ტექნიკურ დავალებაში მითითებული სიჩქარით - გაბრიელი»

«მომხმარებელი ვერ მიხვდება? - იეღოვა»

«როდესაც მომხმარებელი მიხვდება, პროექტი უკვე დიდი ხნის ჩაბარებული იქნება - გაბრიელი»

«ვეთანხმები - იეღოვა»

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

ტესტირების განყოფილების უფროსის

რაფაელისაგან

სისტემის პირველადმა ტესტირებამ გამოავლინა შემდეგი დეფექტები:

  1. შეიმჩნევა პერმანენტული გადახურება
  2. ბრუნვის ღერძი გადაიხარა ვერტიკალთან მიმართებაში 33 გრადუსით, რის გამოც წარმოიშვა ციკლური ტემპერატურული ანომალიები
  3. მდინარეების გამტარუნარიანობა არ შეესაბამება საპროექტო მნიშვნელობებს
  4. ბალახისმჭამელი ფაუნა არ არსებობს
  5. ორბიტა არასტაბილურია, პლანეტას აქვს მზეზე დაცემის ტენდენცია

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

სისტემური ტექნიკის განყოფილების უფროსის

ლუციფერისაგან

  1. აბა რას ელოდებიდით ხმელეთის და წყლის ასეთი შეფარდებისას? ოპტიმალური გაგრილებისათვის საჭიროა სადღაც 1:3 – 1:4
  2. ამ საკითხზე ვმუშაობთ
  3. იმიტომ რომ რძე ამჟავდა და თაფლი ჩაშაქრდა
  4. ბალახისმჭამელ ფაუნას ბალახი ჭირდება. ბალახი კი არ იზრდება ასეთ სიცხეში და უწყლოდ. გთავაზობთ მდინარეებში წყლის გაშვებას. ეს ამავდროულად გადაჭრის მე-3 საკითხს
  5. გრავიტაციული დამბალანსებლის სახით გარეთა ორბიტაზე გავიყვანთ კიდევ ერთ პლანეტას

«ხმელეთის შეკუმშვა მეტი აღარ შეიძლება - იძულებული ვართ, გავზარდოთ ზღვების ფართობი. ეს კი მოცულობისა და სიმძიმის ძალის ზრდას მოითხოვს. და კიდევ ერთ პლანეტას... - მიქაელი»

«არა უშავს, მომხმარებელი აიტანს. კიდევ ერთ პლანეტას გავაფორმებთ, როგორც დამატებით ფუნქციონალს. აი რძის და თაფლის ანონსი კი უკვე გაკეთებული გვაქვს. ყველაზე შესამჩნევ მდინარეებში მაინც მოგვიწევს დატოვება - გაბრიელი»

«შეგახსენებთ, რომ ბოლო ვადა ახლოვდება, თქვენ კი ჯერ არაფერი გაგიკეთებიათ. მართლა, დიზაინერებმა ჯერ კიდევ ვერ დაასრულეს ცხენის პროექტირება, კიდევ დინოზავრებზე მუშაობენ. ვის რად უნდა ეს დინოზავრები? - იეღოვა»

«სხვათა შორის, მომხმარებელს მოსწონს დინოზავრები - გაბრიელი»

«კარგი, ჯანდაბას, მაგრამ ცხენიც უნდა იყოს აუცილებლად - იეღოვა»

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

ტესტირებისა და ტექმომსახურების განყოფილების უფროსის

რაფაელისაგან

  1. პლანეტის ღერძის საკითხები ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია. ამას კი ის დაემატა, რომ პლანეტას აქვს კოსმოსში გაფრენის ტენდენცია
  2. ბალახისმჭამელი ფაუნა ისევ არ არის

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

სისტემური ტექნიკის განყოფილების უფროსის

ლუციფერისაგან

  1. დასაბალანსებლად კიდევ ერთ პლანეტას გავიყვანთ. ამჯერად შიდა ორბიტაზე.
  2. ფაუნა იყო - გამრავლდა, გადაჭამა ბალახი და დაწყდა

«ბოლოს და ბოლოს სულ რამდენი დამაბალანსებელი პლანეტა გჭირდებათ? - მიქაელი»

«კალიბრაციის შედეგად სისტემა დავასტაბილურეთ. ჯამში გვჭირდება 9 პლანეტა - ლუციფერი»

«სწორად გავიგე? ერთი პლანეტის ნაცვლად მომხმარებელი მიიღებს 9-ს? - იეღოვა»

«მერე რა - 8 მათგანი საცხოვრებლად უვარგისია - ლუციფერი»

«და სისტემის ზომები? - იეღოვა»

«არ არის აუცილებელი, მომხმარებელმა იცოდეს ზომების შესახებ. ამ პლანეტების ნახევარზე მეტი ტელესკოპის გარეშე არც ჩანს. გთავაზობთ დავამატოთ სამომხმარებლო ინსტუქციას მე-11 მცნება «არ გამოიგონო ტელესკოპი» - გაბრიელი»

«არ გვინდა - ეს რომ დავწეროთ, მაშინ უკვე აუცილებლად გამოიგონებენ - იეღოვა»

«და კიდევ, ორბიტის რადიუსის გაზრდის შემდეგ ღამის მნათობის სინათლე საპროექტო მინიმუმზე ქვემოთ დაეცა. გთავაზობთ ისევ სარკის დაყენებას - რაფაელი»

«ადრე სად იყავით? ძლივს სისტემა დავაბალანსეთ! თქვენ რა, თავიდან გინდათ ყველაფერი გადავაწყოთ? - ლუციფერი»

«არანაირი თავიდან! პროექტის ჩაბარებამდე 6 დღე დარჩა. ლუციფერ, თქვენ ან აამუშავებთ ამ სისტემას, ან დაგაქვეითებთ! - იეღოვა»

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

სისტემური ტექნიკის განყოფილების უფროსის

ლუციფერისაგან

მე არა ვარ იმაში დამნაშავე, რომ თავიდანვე ვერ მივიღე ნორმალური ტექნიკური დავალება. ერთი სიტყვით, ასეა: ღერძის დახრა უნდა დავტოვოთ, როგორც არის. ტემპერატურას რაც შეეხება, ედემის ბაღში 24 გრადუსი იქნება, ხოლო თუ მომხმარებელი სხვაგან გამოძვრება, ეს უკვე მისი პრობლემებია. დინოზავრების ბოლომდე გაკეთებას ვერ ვასწრებთ, მაგრამ ცხენებს ვამთავრებთ. რძის და თაფლის საკითხი ვერ გადაწყდა, მდინარეებში წყალი გავუშვით, თუმცა მათ ზღვაში მარილი ჩაიტანეს. იმისათვის, რომ ბალახისმჭამელებს მთელი ბალახი არ შეეჭამათ, იძულებული ვიყავით გამოგვეშვა პატჩი მტაცებელი ცხოველების სახით, მაგრამ ვერ მოვასწარით მათში იმ პროგრამის დაინსტალირება, რომლითაც იგი ბალახისმჭამელ ცხოველებს მომხმარებლებისაგან განასხვავებდა. ერთი სიტყვით, როგორმე იმუშავებს!

«და ეს კარგია - იეღოვა»

თარგმანი: სკეპტიკოსი

 


©2006 საქართველოს ათეისტთა ვებგვერდი
 
Hosted by uCoz