საქართველოს ათეისტთა ვებგვერდი
საწყისი გვერდი სტატიები გამონათქვამები FAQ ფორუმი ლინკები

 
პასუხი მორწმუნეს

"ამათ თუ ყურადღებით გაეცნობით, თქვენს საიტზე მოთავსებული მინიმუმ რამოდენიმე ფრაზა ძალიან სასაცილოდ მოგეჩვენებათ (სასაცილოდ იმდენად, რამდენადაც ძალიან უსუსურად ჟღერს)."

მორწმუნე

ორიოდ დღის უკან საიტის ფორუმზე "მორწმუნეს" ნიკით ერთმა პიროვნებამ შეტყობინება დატოვა, სადაც გვირჩევდა გარკვეული რესურსების გაცნობას, რის შემდეგაც "საიტზე მოთავსებული მინიმუმ რამოდენიმე ფრაზა ძალიან სასაცილოდ" მოგვეჩვენებოდა.

პირველ რიგში მორწმუნეს მინდა მადლობა გადავუხადო არააგრესიული მოქცევისათვის, რაც ასე იშვიათია სხვა მორწმუნეების მხრიდან. იმედია, რომ მისი საქციელი სამაგალითო გახდება სხვებისათვის.

ვიფიქრე როგორ გამეცა პასუხი მისთვის და ერთ დასკვნამდე მივედი – დავიწყებ მის მიერ მითითებული ერთ–ერთი სტატიის გარჩევით. ასეთად ავარჩიე "ათეიზმი და რელიგია", რომელიც პროფესორ ა. ოსიპოვის ლექციის მიხედვით მოამზადა მღვდელმა თეოდორე გიგნაძემ ( ჟურნალი „კარიბჭე“, ივლისი, 2004 წ. )

სტატიის გაცნობამდე გამიჩნდა ცრუ იმედი, რომ წავიკითხავდი არგუმენტირებულ სტატიას, რომლითაც ათეისტებისა და მორწმუნეების მშვიდობიან თანაარსებობაზე, სხვისი აზრის პატივისცემაზე იქნებოდა ორიენტირებული. ეს მოსაზრება პირველივე აბზაციდან გამიქრა. არათუ ათეისტებისა და მორწმუნეების, არამედ სხვადასხვა სარწმუნოებების მშვიდობიან თანაარსებობაც კი შეუძლებლად მიაჩნია სტატიის ავტორს. "ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და გვსურს, მართლმადიდებლობაზე ვისაუბროთ არა როგორც ერთ-ერთ, არამედ როგორც ერთადერთ ჭეშმარიტებაზე, ერთადერთ სინამდვილეზე, ერთადერთ სიმართლეზე. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის გარდა სხვა სიმართლე არ არსებობს." – ირწმუნება ავტორი და იქვე დასძენს – "მაგრამ ამის დამტკიცება შეუძლებელია, თუ არ ვაჩვენეთ ქრისტიანული რელიგიის უსასრულო უპირატესობა და თვისობრივი განსხვავება სხვა მსოფლმხედველობათა და რელიგიათაგან."

სრულიად ნაცნობი პათოსია. დამერწმუნეთ, ნებისმიერი რელიგიისა თუ რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი ანალოგიური ფრაზით დაიწყებდა თავის სტატიას, ოღონდ ერთი განსხვავებით "მართლმადიდებლობის" ნაცვლად დაიწერებოდა "კათოლიციზმი", "პროტესტანტობა", "ისლამი", "იუდაიზმი" და ა.შ. (ყველა "ჭეშმარიტი" და "ერთადერთი" რელიგიის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.) ვინაიდან ვერცერთი რელიგია ვერ იტანს განსხვავებულ აზრს და არ უშვებს სხვა სიმართლის არსებობას!

"მაგრამ რა აზრი აქვს სხვათა წინაშე ქრისტიანობის უპირატესობის წარმოჩენას, როცა საზოგადოდ რელიგიისადმი არაერთგვაროვანი, ხშირად მტრული დამოკიდებულებაც კი აქვს ჩვენს ათეიზმის წნეხში გამოვლილ საზოგადოებას?" – იქვე სვამს შეკითხვას ავტორი და მართალიცაა. მსოფლიო მოსახლეობის 90%–ზე მეტის (როგორც არამართლმადიდებლის) ბედი უკვე გადაწყვეტილია. დროა შიდა სამზარეულოში დარჩენილ "ურჩებს" მივხედოთ. მტრულ დამოკიდებულებას რაც შეეხება, ვინაა მტრულად დამოკიდებული პირველ აბზაცშივე ჩანს, ხოლო "ათეიზმის წნეხში გამოვლილ საზოგადოებაზე" საკმაოდ ბევრი ვილაპარაკე წინა სტატიაში ("ათეიზმი და საზოგადოება") და აქ აღარ განვმეორდები. მხოლოდ ერთს ვიტყვი – არ ყოფილა არანაირი ათეისტური წნეხი. იყო მხოლოდ მატერიალისტური რელიგიის წნეხი.

"როცა ათეისტურ და რელიგიურ მსოფლმხედველობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, მსჯელობა ადამიანს, მისი ცხოვრების საზრისს დავუკავშიროთ." ჩემთვის ნამდვილად არ არის ბუნებრივი, ვინაიდან სანამ ცხოვრების საზრისზე დაიწყებ ლაპარაკს, ჯერ უნდა გაარკვიო რაზე იქნება დაფუძნებული იგი, რეალურზე თუ არაეალურზე. თუმცა, ეს საკითხი უკვე პირველივე აბზაცში გაურკვევია ავტორს.

"რა არის ადამიანური ცხოვრების საზრისი? რა თქმა უნდა, არსებობა, სიცოცხლე. ვერავინ იტყვის, ცხოვრების აზრი შეიძლება არარსებობაში, სიკვდილში იყოსო. ამ კუთხით შეფასებისას აშკარა ხდება რელიგიის უსაზღვრო უპირატესობა ათეიზმთან შედარებით; რელიგია ცხოვრებას აზრს აძლევს, რადგან იგი სიცოცხლეს გვპირდება, ხოლო ათეიზმი მხოლოდ სიკვდილის პერსპექტივას გვიშლის თვალწინ" – აბზაცის ლოგიკურობა ცოტა ეჭვს იჭვევს, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. უბრალოდ ერთ საინტერესო დეტალზე შევჩერდები, სადაც საუბარია რელიგიის "უსაზღვრო უპირატესობაზე", ანუ იმაზე, თუ რა გვაწყობს და არა იმაზე, თუ რა არის ჭეშმარიტი. ცნობილი გამონათქვამის მიხედვით უკვდავების ერთადერთი არგუმენტია ის, რომ სხვა ვარიანტი არანაირად არ გვაწყობს. ანუ რელიგია გვთავაზობს ნათელ მომავალს, რომლის არსებობაც ცოტა არ იყოს არარეალურია. უფრო ზუსტად შეუძლებელია მისი არსებობის დამტკიცება (იხილეთ იუმორისტული მოთხრობა "ჰენკის უკანალი").

"ადამიანს, როგორც ცოცხალ არსებას, თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვს, ამიტომ როდესაც მას სიკვდილს და სიცოცხლეს შორის არჩევანის გაკეთებას სთავაზობენ, იგი, ბუნებრივია, სიცოცხლეს აირჩევს. განა ასე არ მოიქცევა ტყეში დაკარგული კაცი, რომელსაც ერთნი არწმუნებენ, რომ ტყიდან გასასვლელი არ არსებობს და სამუდამოდ იქ უნდა დარჩეს, ხოლო მეორენი გამოსავალსაც სთავაზობენ და გზასაც უჩვენებენ? " – (გრძელდება საუბარი იმაზე თუ რა გვაწყობს) ცოტა ცუდი მაგალითია. ჯერ ერთი, ძნელი უწოდო ტყეში დაკარგული ადამიანს, რომელსაც მრჩეველთა მთელი არმია მიყვება გვერდზე. ეს ხუმრობით. მეორეც, ყველა ტყეს დარწმუნებული ვარ არერთი გამოსავალი ექნება. ანუ ავტორი თავად უარყოფს პირველ აბზაცში მოყვანილ აქსიომას. და მესამეც, მე პირიქით ვიტყოდი – ყველა რელიგია სთავაზობს ადამიანს ტყეში, ანუ რელიგიურ სიბნელესა და აბლაბუდაში დარჩენას და მხოლოდ თავისუფალი აზროვნებას შეუძლია იგი გაიყვანოს სამშვიდობოზე.

"მაგრამ ბუნებრივი არჩევანის გაკეთებაში ადამიანს ხელს უშლის მითი, თითქოს ათეიზმი ლოგიკურად დასაბუთებული, ობიექტურად არგუმენტირებული, მეცნიერული მსოფლმხედველობაა, რელიგიური მსოფლმხედველობა კი მხოლოდ სუბიექტურ განცდებსა და ლიტონ რწმენას ეფუძნება. ათეისტური პროპაგანდით მოწამლულ ადამიანებს და მათ მიერ აღზრდილ შვილებს სწამთ ამ მითის ჭეშმარიტება, სჯერათ, რომ მეცნიერებამ მართლა დაამტკიცა ღვთის არარსებობა, რომ ჭკვიანი ხალხი თავადაც მიხვდნენ ამას. ხშირად ასეთი ადამიანები მორწმუნისაგან ითხოვენ ან შინაგანად ელიან ღვთის არსებობის დამტკიცებას, რელიგიური მსოფლმხედველობის ლოგიკურობის წარმოჩენას." – აქაც რთულადაა საქმე ლოგიკასთან. თავდაპირველად მოყვანილია ის "მითები", რომლებიც სულ მცირე, არაფრით არ არის რელიგიურ "მითებზე" მითიური. მეორეც, მორწმუნისაგან ღვთის არსებობის დამტკიცებას ითხოვენო. მართალიცაა. თუ მეტყვი, რომ 100 მეტრის 7 წამში გარბენა შემიძლიაო, ნამდვილად არ დაგიჯერებ. მოვიყვან ფაქტს, რომ მსოფლიო რეკორდი 9 წამზე მეტია და ა.შ. მაგრამ სიმართლეს საუბრით და დისკუსიებით ბოლომდე მაინც ვერ გავაკვევთ. უბრალოდ, მე უნდა დავიჭირო ხელში წამზომი და შენ სცადო 100 მეტრის აღნიშნულ დროის მონაკვეთში გარბენა. შედეგი თავად გაარკვევს მტყუან–მართალს.

"რას ნიშნავს ღვთის არსებობის დამტკიცება? საერთოდ, რას ნიშნავს ვინმეს ან რამის არსებობის დამტკიცება? განა შეიძლება ვინმეს ან რაიმეს არსებობა მათემატიკური თეორემასავით დაამტკიცო?" – ფრიად გულუბრყვილო შეკითხვაა. რა თქმა უნდა შეიძლება. მაგალითისათვის დავამტკიცებ, რომ სტატიის ავტორს ჰყავდა 2 ბებია და 2 ბაბუა. ყველა თეორემას სჭირდება აქსიომა, რომელზეც დაფუძნებული იქნება მტკიცებულება. ამ შემთხვევაში აქსიომაა, რომ ადამიანის ქვეყანაზე მოსავლენად 2 სხვადასხვა სქესის ადამიანია საჭირო. შედეგად, მას ჰყავდა დედა და მამა. მათ კიდევ თითო დედა და მამა. ანუ სულ 2 ბებია და 2 ბაბუა. მგონი დავამტკიცე.არც ისე რთული ყოფილა როცა რეალურზეა საუბარი...

შემდგომ მოდის სრულიად ალოგიკური და აბსურდული ისტორია ჟირაფზე:

"ღვთისმეტყველების პროფესორს ა.ი.ოსიპოვს ასეთი იგავი მოჰყავს:

მეცნიერი აუდიტორიას ჟირაფის არარსებობას უმტკიცებს. მისი არგუმენტები ასეთია: ა) იმის გამო, რომ ჟირაფს გრძელი კისერი აქვს, თავის აწევ-დაწევისას წნევის დიდი ცვალებადობის შედეგად მას აუცილებლად დაუზიანდება სისხლძარღვები და გული; ბ) თავდაცვის საშუალების (რქებისა და ეშვების) უქონლობის გამო ჟირაფი არსებობისათვის ბრძოლაში ვერ გადარჩებოდა. და როდესაც პროფესორმა აუდიტორიაზე გამარჯვება უნდა იზეიმოს, რამდენიმე მსმენელი განაცხადებს, რომ ჟირაფი უნახავს." – ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ რამოდენიმე მსმენელის განცხადებაზე დაყრდნობით ნამდვილად არ ვირწმუნებდი ჟირაფის არსებობას. ანუ განცხადებაზე დაყრდნობით, ყველანაირი ფაქტოლოგიური მტკიცებულების გარეშე. რაც შეეხება მეცნიერის არგუმენტებს, ის უფრო სასულიერო პირების არგუმენტებს მახსენებს. ღმერთი მართალია იმიტომ, რომ ასე წერია ბიბლიაში. ბიბლია მართალია იმიტომ, რომ ის ღმერთის ნაკარნახევია. ღმერთი კარნახობდა ბიბლიას იმიტომ, რომ ასე წერია ბიბლიაში. ასეთია სასულიერო პირების ლოგიკა.

ასეთი "ქვის გამხეთქი" მაგალითის შემდეგ ავტორი გამარჯვებული სახით ასკვინის: "ასე რომ, თუ გვინდა, ვინმეს ან რაიმეს არსებობა ვირწმუნოთ, ან თვითმხილველებს უნდა ვედნოთ, ან დავადგეთ გზას, რომელზეც ისინი მიგვითითებენ, რომ თავად ვიხილოთ."

"ქრისტიანობას ღვთის მილიონობით თვითმხილველი ჰყავს. მათგან უმრავლესობა ღმერთს გულით ხედავდნენ - უფლის მათთან მყოფობას განიცდიდნენ. ეს განცდა და ხილვა იმდენად რეალური და ობიექტური იყო, რომ უმძიმესი ტანჯვა-წამებაც ვერ აიძულებდათ ღვთის უარყოფას." – ავტორი პირველი წინადადებით ცოტა არ იყოს გვატყუებს. უფრო სწორედ კი არ გვატყუებს, გარკვეულ სარეკლამო ტრიუკს მიმართავს. თუმცა, მეორე წინადადებაში უკვე აზუსტებს, რომ თურმე თვითმხილველები გულით ხედავდნენ. დამერწმუნეთ, არც ერთი თავმოყვარე სასამართლო "გულით დანახულ" მტკიცებულებას არ მიიღებს. რაც შეეხება ხილვების "რეალურობას", "ობიექტურობას" და ტანჯვა–წამების გაძლებას, ამას უფრო ფანატიზმთან აქვს საქმე და არა რწმენის ობიექტურობასთან. მაგალითს რელიგიის მიერ წამებული ადამინებით მოვიყვან. ჯორდანო ბრუნომ ბოლომდე ფანატიკურად იძახა დედამიწა ბრუნავსო და დაწვეს კოცონზე. ამ დროს გალილეო გალილეიმ ზედმეტი ფანატიზმის გარეშე გადათქვა თავისი ნათქვამი და დარჩა ცოცხალი, თუმცა ამით დედამიწის ბრუნვის სიჩქარე ოდნავაც არ შენელებულა.

"ღვთის რეალურად, ობიექტურად ხილვის (განცდის) ღირსი ხდება სულიერი ცხოვრებით მცხოვრები ყოველი ქრისტიანი. მაგრამ წმინდანთა შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც ღმერთს მის ღვთაებრივ ენერგიებში ჯერ კიდევ სხეულში ყოფნისას ჭვრეტდნენ ხილულად. გარდაცვალებამდე ღვთის ამგვარად ხილვის ღირსნი გახდნენ წმინდა მოციქული პეტრე, იოანე, იაკობი და პავლე, წმინდა გრიგოლ ხანძთელი, წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, წმინდა სერაფიმე საროველი და სხვანი. ვის ეყოფა კადნიერება, მათ მოწმობაში ეჭვი შეიტანოს?!" – ვის და მე და კიდევ არაერთ ათეისტს! რაც შეეხება ხილვას (განცდას), აქაც გვატყუებენ. ჯერ ერთი, ხილვა და განცდა სრულიად განსხვავებული რამ არის. მეორეც, ლოგიკურად თუ მივუდგებით "სულიერი ცხოვრებით მცხოვრებ ყოველ ქრისტიანზე" უფრო მეტად ღმერთის განცდა და დანახვა უფრო ურწუნოს სჭირდება, რომ დაიჯეროს ღმერთის არსებობა, რაც სამწუხაროდ არ ხდება. ანუ მე თუ არ მჯერა, რომ წიწილა კვერცხიდან იჩეკება და ჩემს მეგობარს ეს სჯერა, ამის სანახავად ინკუბატორში უნდა წამიყვანონ მე და არა ჩემი მეგობარი. ყოველივე ზემოხსენებულიდან ლოგიკური დასკვნა, თუ ძალიან მოინდომებ აუცილებლად დაინახავ იმას, რისი დანახვაც გინდა, თუნდაც არარეალურს და არარსებულს.

ავტორი ხვდება, რომ "კადნიერები" მაინც იქნებიან და გვეუბნება:

"მაგრამ თუ ვინმეს მაინც ეყოფა კადნიერება:

ქრისტიანობა გვთავაზობს რეალურ გზას - წმინდა ეკლესიურ ცხოვრებას, გვაძლევს საშუალებას შევამოწმოთ და თავად შევიგრძნოთ ღვთის არსებობა, განვიცადოთ უფალი, ანუ ვიხილოთ ღმერთი." – ავტორი ისე გაიხლართა საკუთარ არალოგიკურ "არგუმენტებში", რომ იქვე უშვებს მორწმუნესათვის ნამდვილად უდიდეს კადნიერებას: "შევამოწმოთ ღვთის არსებობა". მაგრამ ამას თავი დავანებოთ, სასულიერო პირები თავად გაარკვევენ რამდენად კადნიერია "ღვთის არსებობის შემოწმება". მთავარს დავუბრუნდეთ – რას გვთავაზობს თუ გვეყო კადნიერება? არაფერს ორიგინალურს, უნდა დავიჯეროთ ის, რასაც გვეუბნებიან.

"რას გვთავაზობს ათეიზმი? რომელმა დაამტკიცა ღვთის არარსებობა? შეუძლია კი მეცნიერებას ამის დამტკიცება? მისი კვლევის საგანი ხომ ფიზიკაა და არა მეტაფიზიკა." – არ ვიცოდი, თუ ფიზიკა მეცნიერების ასეთი მდაბალი და უსახური დარგი იყო, რომ მის შეურაცხმყოფელ კონტექსტში ხსენება შეიძლებოდა. დაახლოებით ასეთი შედარებაა – ასტროლოგია სერიოზულია, ასტრონომია – არა.

"თუ ათეისტს ვკითხავთ, როგორ მიხვდა ღვთის არარსებობას, პასუხად დუმილს მივიღებთ." – ამ წინადადების სიცრუე სახეზეა. თუ ამდენი რეალური, ფაქტებზე, მეცნიერებაზე და ლოგიკაზე (და არა "გულით დანახულზე") დაყრდნობილი ნაშრომი დუმილია, მაშინ არ ვიცი... ისე, დუმილი სწორი პოზიცია იქნებოდა. ვინაიდან, ჩვენ, ათეისტებს არ გვჯერა, რასაც თქვენ გვეუბნებით, ანუ სალაპარაკო და დასამტკიცებელი უფრო სასულიერო პირებს აქვთ.

"ღვთის არარსებობის „თვითმხილველნი“ არ არსებობენ. ათეიზმს არც ღვთის არარსებობის დამტკიცება შეუძლია და ვერც იმ გზას დაგვანახებს, ღვთის არარსებობაში რომ დაგვარწმუნებდა." – კიდევ ერთი აბსურდული მტკიცებულება. ვინმეს შეუძლია განმიმარტოს "არარსებობის თვითმხილველი" რა არის? ვინმე იცნობს, თუნდაც სანტა კლაუსის "არარსებობის თვითმხილველს"? სწორედ ეს აშინებთ და ანერვიულებთ სასულიერო პირებს, რომ ათეიზმს ნამდვილად შეუძლია იმ გზის დანახვება, რომელიც ღვთის არარსებობაში დაგვარწმუნებს. სწორედ ამიტომაც, ყველანაირად ზღუდავენ მორწმუნეებს – უკრძალავენ ათეისტებთან პოლემიკას, თავისუფალ აზროვნებას, მსჯელობისას თუნდაც იმის დაშვებას, რომ ღმერთი არ არსებობს და ა.შ.

"ათეიზმი არის რწმენა და რწმენათა შორის ერთადერთი, რომელსაც თავისი ნამდვილობის დამამტკიცებელი არც ერთი არგუმენტი არ გააჩნია." – ცნობისათვის: ათეიზმი რწმენა არ არის. ეს არის რწმენის არარსებობა. რაც შეეხება არგუმენტების არარსებობას, ამას ხუმრობად მივიღებ.

"შეიძლება დამტკიცდეს მოსაზრება, რომელსაც: ა) ობიექტური, რეალური ფაქტები და ბ) ამ ფაქტების შემოწმების გზა მოეპოვება. რელიგიას ორივე აქვს, ათეიზმს კი არც ერთი არ გააჩნია; რელიგია ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს, ათეიზმი კი - ვერც ერთს." – პირველ წინადადებას მეც სიამოვნებით გავიმეორებდი, ოღონდ საწინააღმდეგო პოზიციის განსამტკიცებლად. რელიგიას ორივე გააჩნიაო. მერედა რატომ გვიმალავთ? თანაც, თქვენ არ იყავით რომ ამბობდით, " განა შეიძლება ვინმეს ან რაიმეს არსებობა მათემატიკური თეორემასავით დაამტკიცოო?". განა რა არის სხვა "მათემატიკური თეორემასავით დამტკიცება", თუ არა "ა) ობიექტური, რეალური ფაქტები და ბ) ამ ფაქტების შემოწმების გზა"? ცნობილია, რაიმე რომ დაამტკიცო, უნდა გამოიყენო ან დედუქციის ან ინდუქციის მეთოდი. რელიგია ორივე შემთხვევაში მოიკოჭლებს და მხოლოდ "გულით დანახული" არგუმენტების იმედად რჩება.

დაგვანახეთ ბატონებო რელიგიისა და ღმერთის არსებობის საფუძვლიანი, რეალური არგუმენტები და გვერწმუნეთ, ჩვენზე, ათეისტებზე უფრო საიმედო მრევლს ვერსად ვერ იპოვით. მანამდე, კი მოგიწოდებთ, აღიაროთ ჩვენი არსებობა და თუნდა ერთი ნაბიჯი გადმოდგათ მშვიდობიანი, თანასწორუფლებიანი თანაარსებობისათვის.

 

კაცთმოყვარე

 

©2006 საქართველოს ათეისტთა ვებგვერდი
 
Hosted by uCoz