საქართველოს ათეისტთა ვებგვერდი
საწყისი გვერდი სტატიები გამონათქვამები FAQ ფორუმი ლინკები

 
ათეისტი და საზოგადოება

 

ძნელია იყო ათეისტი . . . არა იმ მიზეზის გამო, რომელიც მორწმუნეებს მოჰყავთ – თითქოს ცხოვრებას აზრი ეკარგება და იქცევი არაკონტროლირებად ცხოველად, რომლისათვისაც არაფერი ფასეული აღარ არსებობს. ეს იაფფასიანი ლეგენდა არანაირ კავშირში არ არის სინამდვილესთან.

სინამდვილეში ეს სიძნელე დაკავშირებულია სულ სხვა მომენტებთან. ქრისტიანობის გავრცელების პირველივე დღეებიდან (მე ამ შემთხვევაში ვისაუბრებ მხოლოდ ქრისტიანობაზე, თუმცა ყოველივე მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალით სხვა რელიგიებსაც შეეხება), დაიწყო მასიური და გეგმაზომიერი რეპრესიები განსხვავებულად მოაზროვნეებზე. ეს ისედაც ცხადია და ამიტომ მაგალითების მოყვანისაგან თავს შევიკავებ. ამ მხრივ არც საქართველოში გვაქვს განსხვავებულად საქმე. ყველა მსურველს შეუძლია გადახედოს ისტორიას და ნახოს თუ როგორი "სიხარულით" იღებდნენ ქრისტიანობას საქართველოში. თანაც, საქართველოს სრული გაქრისტიანების პროცესი მრავალი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა. უკვე თამარ მეფის დროს ჯერ კიდევ არ იყვნენ "ჭეშმარიტ მართმადიდებლებად" მონათლული საქართველოს მთიანეთის მკვიდრნი. ისტორია არც მალავს მათი "სისხლითა და მახვილით" გაქრისტიანების ფაქტს.

მე არ ვცდილობ გავაბათილო ქრისტიანობის პოლიტიკური როლი საქართველოსათვის, ის როლი, რომელიც მართმადიდებლობამ ითამაშა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა და სახელმწიფოებრიობოს შენარჩუნების საქმეში, მაგრამ ამას არაფერი საერთო არ აქვს უზენაესი ძალის რწმენასთან და კიდევ ერთხელ ადასტურებს რელიგიის პოლიტიკისგან განუყოფლობას. უფრო მეტიც, ამტკიცებს, რომ რელიგია აგრესიის, ბოროტებისა და ფანატიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა (ისევ ისტორიას უნდა მივმართოთ და ისევ არა რელიგიის სასარგებლოდ. ომების, რეპრესიების, გენოციდების და სხვა მრავალი ბოროტების აბსოლუტურ უმრავლესობას რელიგიური მოტივები ედო საფუძვლად).

მაგრამ ისევ მთავარ თემას დავუბრუნდეთ – ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, რომელიც ბოლო 15-16 საუკუნის განმავლობაში გამოააშკარავებდა თავის არარელიგიურობას და ნორმალურად გააგრძელებდა (საეჭვოა, რომ საერთოდ გააგრძელებდა) ცხოვრებას. ეს პერიოდი ყველაზე რთული იყო თავისუფლად მოაზროვნეებისათვის, რომელთაც ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით ებრძოდა ეკლესია.

რა მოგვიტანა მე -20 საუკუნემ? ბევრი სასიკეთო არაფერი; ახალი მატერიალისტური რელიგია "კომუნიზმი", რომელსაც ჰყავდა თავისი წინასწარმეტყველები - მარქსი, ენგელსი, ლენინი; ჰქონდა თავისი წმინდა წიგნი – "კაპიტალი"; ქადაგებდა უტოპიურ სამოთხეს – "კომუნიზმს" და სარგებლობდა რელიგიისაგან ნასესხები სხვა ხერხებითა თუ მეთოდებით.

ისევე როგორც რელიგია, ვერც კომუნიზმი ვერ იტანდა განსხვავებულად მოაზროვნეებს. ისევე როგორც ყველა რელიგიას, კომუნიზმსაც გასავრცელებლად და "ურჯულოთა" მოსაქცევად სისხლის მდინარეები დაჭირდა და ა.შ. და ა.შ.

ვიღაცამ შესაძლოა თქვას, რომ სწორედ კომუნისტების დროს გაიფურჩქნა და აყვავდა ათეიზმი. ეს ნაწილობრივ მართალიცაა, რადგან კომუნისტურ საზოგადოებაში პირველად დაიწყო ათეიზმის მეცნიერული დამასაბუთებელი მასალების თავმოყრა და პროპაგანდა. თუმცა, ეს პროცესი შეეხებოდა მხოლოდ არამატერიალურ ღმერთს. აბა გაგებედათ და ხმამაღლა გეთქვათ, რომ ცხოვრების სოციალისტური სტილი და გზა "კომუნისტური ნათელი მომავლისაკენ" არ მიგაჩნდათ ერთადერთ სწორ ალტერნატივად . . .

ამდენად, ნათელია, რომ სოციალიზმის პირობებში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა – უბრალოდ, მატერიალისტური რელიგია დაუპირისპირდა არამატერიალისტურ რელიგიებს და არამხოლოდ დაუპირისპირდა, სრულად დაიმორჩილა და კონტროლირებადი გახადა. აქ არ შევეხები იმას, თუ რა როლს თამაშობდა "კგბ" მაღალი სასულიერო იერარქიის პირების "არჩევაში" და როგორ ახერხებდა მათთან "კონსტრუქციულ" თანამშრომლობას. ისე, სხვათა შორის, პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, დღესაც იმ პერიოდში აღზევებული სასულიერო პირები მართავენ ჩვენს "სულიერ ცხოვრებას".

და აი, დადგა ნანატრი დღე. კვლავ გვეღირსა დამოუკიდებლობა. აღარ გვჭირდება თვალთმაქცობა და კომუნისტური ნათელი მომავლის ”რწმენა", გადავაგდეთ სამოცდაათწლიანი ტოტალიტარიზმის უღელი. წელში გავიმართეთ და . . . ეტყობა ძუძუმწოვრებს და მათ შორის ადამიანს კისერი იმისათვის აქვს, რომ მუდმივად უღელი ედგას . . . ვინ გაცალა წელში გამართვა. ტრადიციულმა რელიგიამ ახალი ენთუზიაზმით დაიწყო ძველი, მრავალგზის ნაცადი უღლის დადგმა. პოსტ-საბჭოურმა საზოგადოებამაც მორჩილად მიუშვირა კისერი და დაიწყო ახალი ტალღა რელიგიური ექსტრემიზმისა; კვლავ გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა სხვადასხვა კონფესიებს შორის ცოდვილი ადამიანების სულების გადასაბირებლად.

რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ საქართველოში? პრაქტიკულად იგივე. მართლმადიდებლობა არ თმობს პირველობას და ცდილობს ყველანაირი ხერხებით შეინარჩუნოს არსებული პოზიციები. ამავდროულად სხვადასხვა სექტა თუ ალტერნატიული რელიგიური მიმდინარეობა აქტიურად ქადაგებს ბიბლიის ტექსტის თავისებური ინტერპრეტაციის უპირატესობას ტრადიციულ ხერხებთან. ხშირია განხეთქილების შემთხვევები მართლმადიდებლური ეკლესიის შიგნითაც. ბრძოლისას გამოიყენება სხვადასხვა მრავალგზის ნაცადი მისაღები, თუ მიუღებელი ხერხები – მოსყიდვა, შანტაჟი, ცილისწამება, დასმენა, ძალადობა (ერთადერთი, რაც გაოცებას იწვევს, არის კათოლიკური ეკლესიისა და ისლამის არატრადიციული პასიურობა საქართველოში). მიუხედავად ამ ქიშპობისა, ყველა მიმდინარეობა დიდი ენთუზიაზმით ებრძვის თავისუფალი აზრის ნებისმიერი გზით გამოხატვას.

უმეტეს შემთხვევაში, გიჯობს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის მიმდევრად გამოაცხადო თავი, ვიდრე ათეისტად (მსგავსი პრობლემა შემექმნა ისლამური ფუნდამენტალიზმის ერთ-ერთ ძირითად დასაყრდენ ქვეყანაში – ირანში ყოფნისას. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ქრისტიანობა ცრუ რელიგიაა, ჩემს "მართლმადიდებლობას " გაცილებით დიდი პატივით ეპყრობოდნენ, ვიდრე ღმერთის საერთოდ არ არსებობის მოსაზრებას).

დღევანდელ დღეს ჩვენთან კარგ ტონად ითვლება:

  • ჯვრისა და სხვა ქრისტიანული ატრიბუტიკის ტარება;
  • სახლში, მანქანაში, სამუშაო ადგილზე ხატების გამოფენა;
  • ხმამაღალი განცხადების გაკეთება, რომ მარხვაზე ხარ;
  • სახალხო ადგილებში დემონსტრაციულად პირჯვრის გადაწერა;
  • დაფიქსირება, რომ სულიერი მოძღვარი გამოიცვალე და რომ ახალ სულიერ მოძღვარს უკეთ ესმის შენი, ვიდრე ძველს;
  • ახალი მანქანის, სახლის, აგარაკის, სამუშაო ადგილის კურთხევა (საინტერესო ფაქტია, რომ წყალქვეშა ნავი "კურსკი", რომლის ბედიც ყველასათვის კარგად არის ცნობილი, ერთადერთი წყალქვეშა ნავი იყო, რომელიც თავის დროზე ეკლესიამ აკურთხა);
  • ხმამაღლა განცხადება, რომ ნარკოტიკებს, სიგარეტს, სასმელს თავი დაანებე რომელიმე განმარტოებულ მამათა მონასტერში რამოდენიმეკვირიანი ყოფნისას, თუმცა ყველამ იცის, რომ არაფრისათვის არ დაგინებებია თავი. მეტიც, ხშირ შემთხვევაში არც "წმინდა მამები" ამბობენ ზემოხსენებული გზით საკუთარი თავისთვის განტვირთვის მოწყობაზე უარს;
  • ნაქურდალი, ყველანაირი მამაძაღლობით ნაშოვნი ფულით რომელიმე ძველი ეკლესიის რესტავრირება. არა, ახლის აშენება ჯობია! ამით, კი ცოდვებიც მოგეტევება და შესაძლოა საკუთარი სახელიც უკვდავყო გაბრიელ დაფანჩულივით.

როგორია იცხოვრო ასეთ გარემოში? რამდენად ჭეშმარიტია მასების რწმენა? როგორია ჭეშმარიტი მორწმუნეების წილი მოსახლეობაში? ამ და სხვა მრავალ შეკითხვას ძნელია ერთბაშად გასცე პასუხი. თუმცა, ერთი ჩემს მიერ გაკეთებული საინტერესო დასკვნით შევეცდები ერთბაშად გავცე პასუხი ნახსენებ სამივე შეკითხვას:

ხშირად მიწევს პოლემიკა მორწმუნეებთან. შედეგი უმრავლეს შემთხვევაში სამნაირია: 1) რამოდენიმესაათიანი კამათის შემდეგ, ლოგიკური არგუმენტებით კედელთან მიყენებულ მორწმუნეს "ახსენდება", რომ ეკლესიის მხრიდან არ აქვს ჩემთან, ურწმუნოსთან ამ საკითხებზე მსჯელობის უფლება, რომ ამით მისი რწმენა საფრთხის ქვეშ დგება; 2) ასევე რამოდენიმესაათიანი კამათის შემდეგ, ლოგიკური არგუმენტებით ასევე კედელთან მიყენებულ მორწმუნეს "ახსენდება", რომ მისი "თეოლოგიური განათლება" არასაკმარისია, რათა ჩემთან იკამათოს და მარწმუნებს, რომ ნებისმიერი სასულიერო პირი უპრობლემოდ გააქარწყლებს ყველა ჩემს არგუმენტს; და ყველაზე საინტერესო და ყველაზე ხშირი - 3) კვლავ რამოდენიმესაათიანი კამათის შემდეგ, ლოგიკური არგუმენტებით კვლავ კედელთან მიყენებულ მორწმუნე, ისე, რომ თავმოყვარეობა არ შეელახოს, მნებდება და მეუბნება, რომ ეკლესიის და ბიბლიის არ სჯერა, მაგრამ წამს ღმერთის არსებობის. ეს პოზიცია ყველაზე სახიფათოა ეკლესიისათვის, ვინაიდან ამგვარი პირების მომრავლების შემთხვევაში, ეკარგება მრევლი, შესაბამისად ეკარგება გავლენა და შემოსავალი (არსებობს გამონათქვამი, რომ "თუ გინდა ატკინო მღვდელს, დაარტყი ჯიბეზე".) და ალბათ ათჯერ ანათემას გადამცემდნენ "მორწმუნე" ადამიანის "შეცდენისათვის". ისე, მსგავსი მოსაზრება, რომ გწამდეს ღმერთის, მაგრამ საეკლესიო პირებს ნუ დაუჯერებო, თავის დროზე თავისი რძლისთვის უთქვამს ჩემს დიდ ბაბუას, რომელიც სხვათა შორის ჭყონდიდის ეპისკოპოსი იყო.

დასკვნის გაკეთება ყველამ თავად სცადოს. თუმცა, ბიბლიის წაკითხვის შედეგად მორწმუნეების მიერ გაკეთებული დასკვნები ნაკლები ოპტიმიზმის საფუძველს მიტოვებს. ისე, დარწმუნებული ვარ უმეტესობას "ახალი აღთქმაც" კი არა აქვთ წესიერად წაკითხული.

მოდით, მაინც დავიტოვებ სასწაულის იმედს (როგორია... ათეისტი, რომელსაც სასწაულის სჯერა?) და დაველოდები უკეთეს დროს, როდესაც სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე (შოპენჰაუერის აზრით, "რელიგია ციცინათელასავითაა, ჭირდება სიბნელე რომ გაანათოს"). დადგება დრო, როდესაც ადამიანს ეყოფა საღი აზროვნების უნარი და ვაჟკაცობა, უარს ეტყვის ყველა გამოგონილ ღმერთს, საკუთარ საქციელზე თავად აგებს პასუხს საკუთარი სინდისისა და საზოგადოების წინაშე, არ შეეშინდება სიკვდილის და მიხვდება, რომ "უკვდავების დამამტკიცებელი ერთადერთი არგუმენტია ის, რომ ყველა სხვა ვარიანტი კატეგორიულად არ გვაწყობს".

გვიყვარდეს ერთმანეთი და ვენდოთ ნიცშეს: "ქვეყანაზე არასაკმარი რაოდენობითაა სიკეთე და სიყვარული იმისათვის, რომ ის გამოგონილ არსებებზე დავხარჯოთ".

გჯეროდეთ თქვენი თავის!  

კაცთმოყვარე

 


©2006 საქართველოს ათეისტთა ვებგვერდი
 
Hosted by uCoz